საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას აფასებს.
Facebook გვერდზე განთავსებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით.
„მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ, 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ”, - წერს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.
სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.