რას ფიქრობენ პოლიტიკოსები „ეროვნული შეგირებისკენ“ ექსპრეზიდენტ სააკაშვლის მოწოდებაზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეროვნული შეგირებისკენ, პოლიტიკოსები, მათ შორის მმართელი პარტიის წარმომადგენლები აფასებენ. „ქართული ოცნება“ შერიგებაზე საუბარს მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აღიქვამს. ოპოზიცია კი სიძულვილის ენის და პოლარიზაციის დასასრულებლად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„არსებობს კანონი, კონსტიტუცია და პოზიციები ამის ირგვლივ უნდა ჩამოყალიბდეს, რეალურად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ ამ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიჰყვება თავისი გეგმების სარეალიზაციოდ, და სულ არ აინტერესებს საზოგადოებაში რა მდგომარეობა იქნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“ - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ „შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ამის ნიშანწყალი კი არ ჩანს“.

„მით უმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი.

ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს და შემდეგ 9 წლის განმავლობაშ ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ არ იცის, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება, რადგან სხვა პარტიას წარმოადგენს და შერიგებასა და შეთანხმებაზეც ალბათ, განსხვავებული მოსაზრებები ექნებათ.

„შეიძლება, ჩვენ უცებ ერთმანეთი ვერ შევიყვაროთ და მოლოდინი არც მაქვს, რომ ადამიანი, რომელიც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, უცებ შეიყვარებს და აპატიებს მოძალადეს, არც მოძალადეს უნდა ჰქონდეს, ალბათ, ამის მოლოდინი, მაგრამ ჩვენ ძირითად პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ძირეულ პრინციპებზე. უპირველესად იმაზე, გვინდა თუ არა სახელმწიფო ვიყოთ, ამ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და ადამიანების ბედს წყვეტდნენ სახელმწიფო ინსტიტუციები და არა კონკრეტული ადამიანები, თუნდაც ლიდერები. შეთანხმება არის პირველი და ყველაზე საჭირო ნაბიჯი, შეიძლება მსხვერპლი და დამნაშავე ვერ შერიგდეს, ძალიან განსხვავებული წარმოდგენები შეიძლება, გვქონდეს მათ შორის უახლესი ისტორიის ფაქტებზე, მაგრამ თუ გვინდა, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო და საზოგადოება ვიყოთ, ძირითად იმ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, რომლის ირგვლივაც გვინდა სახელმწიფომ იარსებოს.

სხვა სახელმწიფოებში ასეთი შეთანხმება არის კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ მანკიერი ტრადიცია გვაქვს, როცა ქვეყანაში არცერთხელ კონსტიტუციის მიღება თუ გადახედვა ეროვნული კონსესუსის საგანი არ გახდა. ამიტომ, მე შეთანხმებით დავიწყებდი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაზე ვთანხმდებით, რა მიზნით და ვისთან ვთანხმდებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შერიგების იმედი არ აქვს და ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს. ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ აქამდე ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი - პირველი ნაბიჯი კი უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა.

„შექმნილი ატმოსფეროდან, „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან გამომდინარე, რა განცხადებებს აკეთებს ხელისუფლება, რა შიშები აქვს, რა დღის წესრიგი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე არ მაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და მოხდება შერიგება. ვფიქრობ, აქამდე ძალიან ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი.

„ქართულ ოცნებას“ მართლაც რომ სურდეს დეესკალაცია, ორპოლუსიანობის შეცვლა, ზიზღის და სიძულვილის ენის შეწყვეტა, პირველი ნაბიჯი გადასადგმელი, ეს არის უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც უკვე შეთანხმებულია. ოპოზიციური მხრიდან უკვე გაკეთებული გვაქვს განცხადება, რაც არ უნდა ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ ჩვენი კოლეგები, ყველანი ვაცხადებთ მზაობას, რომ კენჭისყრაზე სასესიო დარბაზში ყველა იქნება. ეს არის ნიშანი, რომ ოპოზიცია მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის, ხოლო „ქართული ოცნება“ უპირისპირდება ამას, შერიგება იქნება ეს თუ შეთანხმება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა Facebook-ზე განთავსებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი.

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია