დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება იქნება. დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შენობების თანამედროვე და უსაფრთხო ნაგებობებით ჩანაცვლდება.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების ჩანაცვლება-განახლება თანამედროვე, უსაფრთხო და ქართული არქიტექტურული შენობებით მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს. აქ საუბარია ე.წ. ხრუშჩოვკებზე და ავარიულ შენობებზე, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. მათ სხვადასხვა ავარიულობის კატეგორია აქვს მინიჭებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩება უსახლკაროდ და ამისთვის მუნიციპალური საბინაო ფონდი უკვე იქმნება. ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ბოლომდე მიიყვანს უკვე დაწყებულ პროგრამას, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება. კახა კალაძის თქმით, მოგვარდება, როგორც დიდი სამშენებლო კომპანიების, ასევე, პატარა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა პრობლემები.

დედაქალაქის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება. დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები შეკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ. ადგილზე იმყოგება პოლიცია.