Sinopharm-ის და Sinovac-ის „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის შემცირდა

"Sinopharm-ის და Sinovac-ის „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადის სამ თვემდე შემცირება 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს შეეხება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Europetime-ს განუცხადა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

ამასთან, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

ბუსტერდოზად შესაძლებელია, გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

„კოვიდვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.