თბილისის მერი საბა ბუაძეს: შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს

"შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც", - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს.

კახა კალაძემ აღნიშნული სიტყვებით საბა ბუაძეს მას შემდეგ მიმართა, რაც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მას „კორუმპირებული მერი“ უწოდა.

“მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.