თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, გიორგი შარაშიძეს, კრიტიკის საპასუხოდ ურჩია, მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები.
მანამდე, გიორგი შარაშიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოში შევა ინიციატივით, რომელიც დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას გულისხმობს, ეს კი „წერტილს დაუსვამს უამრავ კითხვას კორუფციის შესახებ“. შარაბიძის თქმით, კომისია დიდწილად ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
„უხერხული მგონია ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი - მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერი. რაც შეეხება კორუფციის მიმართულებას და კომისიის შექმნას, პირველ რიგში, შექმენით და მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, რა ხდებოდა ნეპოტიზმის და კორუფციის მიმართულებით. გადახედეთ თქვენ წლების განმავლობაში, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, რა პროექტები აქვს განხორციელებული. ერთი პროექტი დამისახელეთ და მადლობას გეტყვით“, - მიმართა კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს.