ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთს მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს

რუსეთს უფრო მეტი და მკაცრი სანქციები დაემუქრება, თუ ის სამხედრო აგრესიას განახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩებისადმი მიმართვისას.

„ევროკავშირი სათანადო რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და სხვა მავნე ქმედებებზე, რომლებიც განხორციელდება ჩვენს ან ჩვენი მეზობლების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან არ დააკონკრეტა, რა შეიძლება იყოს დამატებითი ზომები, მაგრამ რუსეთის ზოგიერთი კრიტიკოსი ბელგიაში დაფუძნებული (SWIFT) ფინანსური ტრანზაქციების ქსელიდან მოსკოვის გარიცხვას ითხოვს.

„ამჟამად, ეს არის რუსეთის მიზანმიმართული არჩევანი და აგრესიული ქმედებები, რომლითაც ცდილობს, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.