8-10 დეკემბერს, ტიტუს კორლაცეანი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის მიზნით ეწვევიან.
პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდება ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და უმცირესობათა საკითხებზე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და LGTBI).
თბილისში, კორლაცეანი და კერნი გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან და საპარლამენტო პოლიტიკურ ფრაქციებთან.
თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, „ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“, „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“, ასევე, LGTBI თემს.
თანამომხსენებლები ასევე გამართავენ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.