ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე: საკმაოდ ხისტი პოზიციები და ფარული მუქარაც კი მოვისმინეთ

„პირველი დღე საკმაოდ რთული პროცესი იყო. განსაკუთრებით უსაფრთხოების ჯგუფში საკმაოდ ხისტი პოზიციები მოვისმინეთ და შეიძლება ისიც ითქვას, რომ გარკვეულწილად ფარული მუქარაც კი. ეს იმას ნიშნავს რომ მოლაპარაკების 55-ე რაუნდის მეორე დღეც საკმაოდ რთული იქნება. სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებით რუსეთის მხრიდან წინ წასვლის არანაირი სურვილი და მოტივაცია არ არსებობს. მეტიც, ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაც არის, რომ ეს საკითხები საერთოდ მეორე პლანზე გადავიდეს“, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის პირველი დღე. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მხრიდან 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მხრივ მოტივაცია არ არსებობს.

„მათი მცდელობაა, არა ჟენევის თემები შემოიტანონ დისკუსიებზე გაეროში, რასაც ქართული მხარე, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება. ჩვენთვის მთავარია 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება. მინდა, ხაზი გავუსვა, თუ რატომ არის 6-პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს არის რეალურად სტატუს-კვოზე დაბრუნება,რომელიც უნდა იყოს წინაპირობა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. სხვანაირად ჩვენ შევდივართ ჩიხში და ეს კონფლიქტი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ „იმედის“ ცნობით.

ლაშა დარსალიას განცხადებით, რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე რუსული მხარე ცდილობდა, ყურადღება გაემახვილებინა საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე და ეს წარმოეჩინა როგორც საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„სინამდვილეში, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ყველა აქტივობა, რაც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის სამართლის ნორმების მიხედვით და ამ საკითხებს არაფერი საერთო არ აქვს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან. რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება რეალურად მცდელობაა ყურადღების გადატანის რეალური პრობლემებიდან. რუსეთის ვალდებულებაა, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება.

მე ამიტომ ვთქვი, რომ საუბარია ფარულ მუქარაზე, რადგან არის მცდელობა, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის მუქარა, ვინაიდან ჟენევის ფორმატი შექმნილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულებისთვის. საქართველო არანაირად არ უკავშირებს და არ აპირებს, განიხილოს ვინმესთან და მით უმეტეს რუსეთთან, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ეს არის არჩევანი, რომელიც დიდი ხანია გაკეთებულია საქართველოს საზოგადოების მიერ და არ არის მოლაპარაკებათა პროცესის განხილვის საგანი.

რუსეთი ახდენს პოზიციონირებას, რომ თითქოს, არის რამდენიმე დელეგაცია და ამაზე თვითონ რუსები არ საუბრობენ და ალაპარაკებენ ე.წ. დელეგაციებს. ამის ისე წარმოჩენა სურთ, რომ თითქოს, ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი. სინამდვილეში, ეს არის ფარული მუქარა და ფარულად დისკუსიის სულ სხვა თემებზე გადატანა“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.