მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.
უფლებათდამცველის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახურის შეზღუდვების საპასუხოდ მიმართა, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს ვიზიტორების მიღება და ტელევიზორით სარგებლობა აუკრძალეს.
„რეალურად გუშინდელი ინციდენტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე პენიტენციური სამსახურის რეაქცია. ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არ არის საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც კი ხდებოდა. ამის შემდეგ მე-18 დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მას შემდეგ, რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასული შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში. აქვე ხაზგასმით მსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს სრულად, მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ბუნებრივია, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა და ცხადია, რომ არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი", - განაცხადა ადვოკატმა.