კახაბერ ქემოკლიძე: გიორგი გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში

"გიორგი გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში", - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას.

ქემოკლიძისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება და “რა საჭირო იყო ამის თქმა, მითუმეტეს არგუმენტაციის გარეშე”.

“ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით - ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი - ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით - ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის - ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი”,- განაცხადა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, გიორგი შარაშიძეს, კრიტიკის საპასუხოდ ურჩია, მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები.

"უხერხულია ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი. მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერი", - განაცხადა კალაძემ.