ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე სალივანმა აღნიშნა, რომ ლიდერებს ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდათ, „თუმცა თითის დაქნევა არ ყოფილა“.
სალივანის თქმით, პუტინთან სოჭში განხორციელებული ვიდეოზარი რამდენიმე საკითხს მოიცავდა, მაგრამ მთავარი თემა უკრაინა იყო.
„პრეზიდენტი ბაიდენი პირდაპირი და გულახდილი იყო პრეზიდენტ პუტინთან, როგორც ყოველთვის. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მან პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური ზომებით. ჩვენ უკრაინელებს დამატებით თავდაცვით საშუალებებს მივაწვდით იმის გარდა, რასაც უკვე ვაწვდიდით. ასევე, ვაძლიერებთ ჩვენს NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებითი შესაძლებლობებით, ასეთი ესკალაციის საპასუხოდ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი გარდა დეესკალაციისა და დიპლომატიისა“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ჩაერთვებიან დისკუსიაში, რომელიც მოიცავს უფრო დიდ სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით.
„ჩვენ ეს გავაკეთეთ ცივი ომის შემდგომ ეპოქაში, NATO-რუსეთის საბჭოს, ეუთოს და სხვა მექანიზმების მეშვეობით. არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება - წინსვლა, იმ პირობით, რომ ვიმოქმედებთ დეესკალაციის კონტექსტში და არა ესკალაციის პირობებში.
შეერთებული შტატები, მზადაა, მხარი დაუჭიროს მინსკის შეთანხმების წინსვლას ნორმანდიის ფორმატის მხარდასაჭერად. ეს შეიძლება, მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტას და ნდობის აღდგენის ზომებს, რაც ხელს უწყობს პროცესის წინსვლას.
როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის დისკუსია იყო პირდაპირი, ბევრი ურთიერთპასუხით. „თითის დაქნევა“ არ ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიო იყო იმის შესახებ, თუ სად დგას შეერთებული შტატები ყველა ამ საკითხთან მიმართებით.
ამ ადმინისტრაციის მოსვლის დღიდან გვჯერა, რომ ლიდერებს შორის პირდაპირი დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს ასეა, როდესაც საქმე ეხება აშშ-რუსეთის ურთიერთობას. ასე რომ, პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა პრეზიდენტ პუტინთან მკაფიოდ და პირდაპირ ურთიერთობის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკისთან 9 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავს, ეს მოლაპარაკება პრეზიდენტ ზელენსკისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენს შორის გუშინდელი დისკუსიის შემდეგ შედგება.
„შემდგომი ნაბიჯების კონტექსტში, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ, რომ ჩვენი წარმომადგენლები მიჰყვებიან დღეს განხილულ საკითხებს. პრეზიდენტი და ჩვენი ევროპელი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ ჩვენი წარმომადგენლები ერთად იმუშავებენ, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთთან ჩვენი ჩართულობა მოიცავდეს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას.
წინ ბევრი სამუშაოა. დიპლომატიური არხების გამოყენებისას ასევე მოვემზადებით ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, როგორც ამას კვირების განმავლობაში ვაკეთებთ, მათ შორის რუსეთის ესკალაციაზე კონკრეტული პასუხების მომზადების გზით, თუ ეს საჭირო იქნება - კონკრეტული, მტკიცე, მკაფიო პასუხები საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ამავე თემაზე: