ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეი სალივანმა რუსეთის ლიდერის მიმართ ჯო ბაიდენის დამოკიდებულებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„როგორ უპასუხებთ იმ კრიტიკას, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ზედმეტად სუსტია პუტინის მიმართ“, ამ შეკითხვით მიმართა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეიკ სალივანს ჟურნალისტმა და მაგალითად მოიყვანა, რომ „ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტ ბაიდენს პუტინის მიმართ ძალიან სუსტ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს, რის მაგალითიც „ჩრდილოეთის ნაკადი2-ზე“ სანქციების შემსუბუქება და ავღანეთიდან ჯარების გაყვანაა“.
„ვლადიმერ პუტინი, რომელიც მაშინ პრეზიდენტ მედვედევის უკან იდგა, საქართველოში 2008 წელს შეიჭრა, როდესაც ერაყსა და ავღანეთში 150 000 ჯარისკაცი გვყავდა. ასე რომ, საგარეო ომებში ჩვენს მონაწილეობასა და პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერების გათვლებს შორის კავშირზე მტკიცებულება არ არსებობს.
მეორე, რაც შეეხება Nord Stream 2-ს, ფაქტია, რომ გაზი ამჟამად არ მიედინება მის მილსადენზე, რაც ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის ბერკეტი პუტინისთვის. მართლაც, ეს არის ბერკეტი დასავლეთისთვის, რადგან თუ ვლადიმერ პუტინს სურს, დაინახოს გაზის გადინება ამ მილსადენზე, მან შეიძლება, უარი თქვას უკრაინაში შეჭრის რისკზე“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
რა არის „ის ძლიერი ეკონომიკური ზომები“ და რით განსხვავდება ისინი 2014 წელს რუსეთთან მიმართებით დაწესებული საქნციებისგან, რამაც არ შეაჩერა რუსეთი, ხელში ჩაეგდო ყირიმი. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ზომები ამჯერად უკეთ იმუშავებს? - მიმართა ჟურნალისტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს.
„თვალებში შემოგხედავთ და გეტყვით, როგორც პრეზიდენტი ბაიდენი უყურებდა დღეს თვალებში ვლადიმერ პუტინს და ეუბნებოდა, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვიქცეთ ისე, როგორც არ მოვქცეულვართ 2014 წელს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.