აშშ-ის თავდაცვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უკრაინისა და ბალტიისპირეთის უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსება გაგრძელდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ხსენებული ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად თანხების გამოყოფას გულისხმობს.
სამხედრო ხარჯები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილზე 25 მილიარდით მეტია და 770 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უკრაინის სამხედრო დახმარება $300 მილიონით დაფინანსდება, 4 მილიარდი დოლარი ევროპის თავდაცვის ინიციატივაზე გამოიყოფა, ხოლო 150 მილიონი დოლარი უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ პროგრამებზე დაიხარჯება.
კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცების შემდეგ, კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
„უკრაინელებს დამატებით თავდაცვით საშუალებებს მივაწვდით იმის გარდა, რასაც უკვე ვაწვდიდით. ასევე, ვაძლიერებთ ჩვენს NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებითი შესაძლებლობებით“, - განაცხადა 8 დეკემბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, როდესაც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დეტალებზე თეთრ სახლში გამართული ბრიფინგზე ისაუბრა.