ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალი ბიპინ რავათი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალი ბიპინ რავათი, მისი მეუღლე და კიდევ 11 ადამიანი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

გადარჩა ერთი ადამიანი, რომელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გენერალი რავათი, ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსად 2019 წლის იანვარში დაინიშნა.

რუსული წარმოების ვერტმფრენი Mi-17 სულურში მდებარე არმიის ბაზიდან აფრინდა და 63 წლის გენერალი, უელინგტონში თავდაცვის სამსახურის შტაბის კოლეჯში (DSSC) უნდა ჩაეყვანა.

გენერალთან და მის მეუღლესთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა კიდევ შვიდი სამხედრო და ეკიპაჟის ხუთი წევრი, მათ შორის პილოტი. ავარიის ერთადერთი გადარჩენილი კაპიტანი კი DSSC-ში მუშაობდა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე რამდენიმე „საშინელი ხმა“ გაიგო.

ინდოეთის საჰაერო ძალებმა გამოძიება მოითხოვეს. მინისტრთა კაბინეტის უსაფრთხოების კომიტეტმა, პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო სხდომა გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ Mi-17V5 ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენია, ინდოეთის საჰაერო ძალების ფლოტს სისტემატურად ადანაშაულებენ, რომ ავარია ხშირია.

არმიის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის უსაფრთხოება დადასტურებულია და რთულ სიტუაციებში თავადაც უმოგზაურია.

2017 წელს, შტატ არუნაჩალ-პრადეში ავარიის დროს შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

მანამდე, ერთი წლით ადრე, კიდევ ერთი ვერტმფრენი აფრენისთანავე ჩამოვარდა შტატ უტარახანდში სამხედრო წვრთნების დროს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.