ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა მასობრივი ამნისტიის შესახებ კანონს, რომლის თანახმად, საპატიმროებს საშუალო და ნაკლები სიმძიმის მუხლებით მსჯავრდებული 1000 პატიმარი დატოვებს.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ამნისტიის კანონით სასჯელის ვადა დაახლოებით 9 ათას მსჯავრდებულს შეუმცირდება, სასამართლო წარმოება კი, დაახლოებით 5 ათას საქმეზე შეწყდება.
ჯამში ამნისტია ყაზახეთში 14 ათასზე მეტ ადამიანზე გავრცელდება.
ამნისტიის კანონით საპატიმროებში მყოფი ვეტერანები, არასრულწლოვნები, ქალები და ასევე ხანდაზმული ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.
ყაზახეთის 80 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სასჯელს 34 000-ზე მეტი პატიმარი იხდის.
ყაზახეთი იყო ბოლო საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა.