აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ The Hill-ი წერს.
„მე-5 მუხლის მიხედვით, ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება NATO-ს მოკავშირეების წინაშე, თუ მათ თავს დაესხმებიან. ეს წმინდა ვალდებულებაა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება... უკრაინაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ NATO-ს დანარჩენი წევრები, თუმცა უარყო იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას რუსეთთან დასაპირისპირებლად, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
ეს ბაიდენის პირველი კომენტარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი ორსაათიანი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა მკაცრი ეკონომიკური სანქციების შესახებ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
„მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება”, - განაცადა ბაიდენმა და დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაეკისრება ისეთი ეკონომიკური სანქციები, „როგორიც არასდროს უნახავს”.
კითხვაზე, მიიღო თუ არა პუტინმა ეს გზავნილი, ბაიდენმა უპასუხა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია, პუტინი მიხვდა ამ გზავნილს.
ბაიდენმა რუსეთის ლიდერს ესკალაციის შემცირებისკენ მოუწოდა, ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით. აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს.
„პოზიტიური ამბავი ის არის, რომ აქამდე, ჩვენი წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტში იყვნენ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.