ჟენევის 55-ე რაუნდზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, დღესაც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების განხილვა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა მაშინვე დატოვა.
დარსალიას თქმით, ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, მოლაპარაკებათა პროცესი აღარ გაგრძელდა.
ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებათა პროცესში. რეალობა კვლავ იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება.
ჩვენთვის უმთავრესია 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რაც უნდა გახდეს მომავალში სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოგვარების საფუძველი. აღნიშნულ მიდგომას რუსეთის დელეგაციის მხრიდან ვერ ვხედავთ. ჟენევაში მიდის მსჯელობა ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამ რაუნდზე გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ თუნდაც პატარა ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებზე. არავის ინტერესში არ არის, რომ ადამიანის უფლებათა კუთხით ფონი მძიმე იყოს.
რეალობა კი აჩვენებს, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საკითხებს იყენებს ზეწოლის მექანიზმად. პარტნიორების და თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევით იმედი გვაქვს მომავალში იქნება შესაძლებელი, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ. ველოდებით თანათავმჯდომარეების წინადადებებს შემდეგ რაუნდზე განსახილველად. იმედი გვაქვს, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისივე განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, ახლაც წინსვლა ვერცერთ საკითხზე ვერ მოხერხდა.
ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მხრიდან ცალსახა მცდელობაა, მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართების ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური.
„ყველა სხვა რაუნდის მსგავსად პრაქტიკულად, წინსვლა ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხერხდა. რუსეთის მხრიდან ცალსახა მცდელობაა, მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართების ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური.
ამას საქართველოს დელეგაცია აღიქვამს მუქარად, როდესაც საუბარია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის საქართველოსთვის საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ განხილვას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ასევე წაიკითხეთ: ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე: საკმაოდ ხისტი პოზიციები და ფარული მუქარაც კი მოვისმინეთ
ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.