„შეუძლებელია, ჩვენ არ გვაშფოთებდეს NATO-ში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა, რადგან ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის მუქარის შემცველი იარაღის განთავსება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პუტინის თქმით, რუსეთი გამოიყენებს საბერძნეთს, რათა პოზიტიური გავლენა მოახდინოს NATO-სთან ურთიერთობაში.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინშეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თუმცა პუტინის თქმით, მოსაზრებებს და წინადადებებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს, მაგრამ სტრუქტურის შინაარსზე საუბარი ჯერ ადრეა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უსაფრთხოების სფეროში თავის წინადადებებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი კვირის განმავლობაში წარუდგენს.
პუტინი აცხადებს, რომ თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა აირჩიოს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნების ინტერესების დარღვევითა და უსაფრთხოების შელახვით, ამ შემთხვევაში კი რუსეთის.