Europetime-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკი ექსკლუზიურად ჩაწერა. Europetime-მა ანტონ სემერლოთს 3 დეკემბერს შავი ზღვის თავზე სადაზვერვო ფრენების შესახებ დაუსვა შეკითხვა.
როგორც ცნობილია, 9 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს, „შავ ზღვაში საჰაერო ინციდენტების სახიფათო შედეგების შესახებ“ აცნობა და საპროტესტო ნოტა გადასცა.
„ჩვენთვის ცნობილია მედიის ცნობები 3 დეკემბერს შავი ზღვის რეგიონში საჰაერო სადაზვერვო (ARTEMIS) ფრენის შესახებ. არანაირი საგანგებო, ავარიული სიტუაცია არ ყოფილა და არც ვინმეს სიცოცხლე დამდგარა რისკის ქვეშ. ეს იყო ჩვეულებრივი, უსაფრთხო ფრენა, საჰაერო მანევრი კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ამ ტიპის ფრენებს და ყველა ოპერაცია რეგიონის ქვეყნებთან სრული კოორდინაციით ტარდება. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მსგავსი აქტივობები დაცული და უსაფრთხო ევროპის მხარდასაჭერად საერთო ვალდებულებას ადასტურებს“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „აშშ-ისა და NATO-ს წევრთა აქტიურობა რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე, მათ შორის საბრძოლო ავიაციის ფრენა და სამხედრო-საზღვაო ძალების სახიფათო მანევრები გახშირდა.
რუსეთის მტკიცებით, თელავივიდან მოსკოვში მიმავალი აეროფლოტის რეისი იძულებული გახდა, მიმართულება შეეცვალა, რათა თავიდან აეცილებინა „NATO-ს მზვერავი თვითმფრინავის ავარია შავი ზღვის თავზე“.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ კიევი უარყოფს.