მამუკა ხაზარაძე: ჩვენი მართლმსაჯულება ერთი ადამიანის მიერ იმართება

"ნათელია ჩვენი მართლმსაჯულების მართვა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება", - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეზე სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება არ არის და „ყველაფერი გასტუმრებულია პატიოსნად“.

,,სამი წელია მიმდინარეობს ეს აბსურდი. წინა სასამართლო სხდომაზე ჩემი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება ამ საქმეში არ არის, ყველაფერი არის გასტუმრებული პატიოსნად, ამ საქმეს არ გააჩნია დაზარალებული ჩემი და ბადრის გარდა, არ გააჩნია არც მომჩივანი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორები აგრძელებდნენ მუშაობას ჩვენთან ერთად და ახლაც, ამ ბანკს წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მამუკა ხაზარაძემ 6 დეკემბერს მისცა.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.