მამუკა ხაზარაძე პროკურორს: რაღაცაში გაერკვიეთ, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, უცოდინრობის

"რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა, რა საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, უცოდინრობის", - ასე მიმართა პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პროკურორმა კონკრეტულ კაპიტალთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. ბადრი ჯაფარიძის შემდეგ პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემაც მოისურვა, რასაც მასსა და პროკურორს შორის მცირე კამათი მოჰყვა.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მამუკა ხაზარაძემ 6 დეკემბერს მისცა.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.