თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი. ამის მიზეზად მან 8 დეკემბერს გავრცელებულ წერილში სისუსტე დაასახელა.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა თქვა, რომ საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი იმისთვის, რომ დაედგინათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და "დიახ ის არის საქართველოში". გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული ყველა საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და პროცესზე დაყენებული შუამდგომლობებიც ამ შინაარსთან იქნება დაკავშირებული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არის გმირული აქტი და უადგილოა იმაზე საუბარი, რომ მას მესაზღვრისთვის რაღაც დოკუმენტი უნდა წარედგინა.
ასევე ნახეთსააკაშვილი წერს, რომ სისუსტის გამო სასამართლო პროცესს დიდი ალბათობით ვერ დაესწრება„ეს არის გმირული აქტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრიდან და მსგავსი საკითხები იურიდიული გარჩევის კატეგორიას არ ექვემდებარება. ეს არის აბსოლუტურად მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოება, როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ბრუნდება სამშობლოში, მას აქვს ნებისმიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობა, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისი თქმით, დააყენებს სხდომის ვიდეოტრანსლირების შუამდგომლობას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად.
პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, საქმეში ფიგურირებს ასევე ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც სააკაშვილს უკრაინის საზღვრის კვეთაში ეხმარებოდა
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.