პარტია "საქართველოსთვის" წევრის განცხადებით,"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოლაბორაციონისტულ გარიგებაში შევიდა

"კოლაბორაციონისტულ გარიგებაში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ და ამიტომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კონკურსში პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა", - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთია ის შეთავაზება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აკეთებს და მეორე საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან.

„დასრულდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელებული იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი შოთა წურწუმია, ასევე, „ქართულ ოცნებას“ დასახელებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ჯუმბერ იზორია. მოგეხსენებათ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უმრავლესობა უჭირავს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის, ჩვენ გვყავს 7 წარმომადგენელი ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ასევე, 7 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარი ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიის წარმომადგენელმა, უცნობია, რადგან კენჭისყრა ფარული პრინციპით ჩატარდა.

ხმები კი ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად 12 მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად – 15.

„ქართული ოცნება“ – 12„ნაციონალური მოძრაობა“ – 7„საქართველოსთვის“ – 7„ლელო“ – 1საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნას 14 წევრის ხმა სჭირდება. თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 26-მა დეპუტატმა. აქედან 13-მა ხმა მისცა “ქართული ოცნების” კანდიდატ ჯუმბერ იზორიას, 12-მა — პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატ შოთა წურწუმიას, ერთი ბიულეტენი კი, რომელშიც ორივე კანდიდატი იყო შემოხაზული, გაბათილდა.

ამასთან, სხდომას კოვიდრეგულაციების გამო არ ესწრებოდა ენმ-ის წევრი რამაზ გულუა.