PACE-ს თანამომხსენებლებმა კახა კუჭავასთან შეხვედრისას მიმდინარე რეფორმებსა და ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე გაამახვილეს ყურადღება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

ტიტუს კორლაცეანი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდება ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და უმცირესობათა საკითხებზე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და LGTBI).

თბილისში, კორლაცეანი და კერნი გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან და საპარლამენტო პოლიტიკურ ფრაქციებთან.

თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, „ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“, „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“, ასევე, LGTBI თემს.

თანამომხსენებლები ასევე გამართავენ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ამავე თემაზე:

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ეწვევიან