ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით 6 000-მდე ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინის 6 000-მდე ბუსტერ დოზაა გაკეთებული.

მისივე თქმით, ამ დოზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, „ომიკრონი“.

„სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ბუსტერი აუცილებელი ხდება. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ ბუსტერი. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე ბუსტერია გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში, თანდათან უფრო მეტია მომართვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი. ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.