თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას მოუწოდა, საზოგადოებას თბილისში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. კახა კალაძის თქმით, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის.
„შეიძლება ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში სამჯერ-ოთხჯერ გვიწევს კომუნიკაცია მედიასთან. ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილზე, მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეიძლება ეს გამგეობის ან მერიის პროექტები იყოს, ახალი ბაღის მშენებლობა ან სპორტული მოედანი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ აქვს მნიშვნელობა.
რა თქმა უნდა, ვიწვევთ მედიას, განურჩევლად ყველას. არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არცერთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ავრცელებენ. გიწვევთ იმისთვის, რომ გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად არ ვრცელდება.
არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს? მოდიხართ, იღებთ არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან. სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემაზე და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. როდესაც ვიკრიბებით გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ხიდის მშენებლობის თაობაზე, შეიძლება თქვენი შეკითხვა ამ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე როგორც ქალაქის მერი ვიღებ პასუხისმგებლობას, ვცდილობ, რომ თქვენც კომფორტი შეგიქმნათ და გიპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება ის კონკრეტული ინფორმაცია და არ მიეწოდება საზოგადოებას, მგონია, რომ ძალიან ცუდია.
ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.