აშშ-მ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ალექსანდრე ტუპიცკის სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულია, რომ სანქციები გამოყენებულია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების გამო, რომელიც მოიცავს ფულადი ქრთამის აღებას უკრაინის სასამართლო სისტემაში მსახურობისას. სანქცირებულთა სიაშია ასევე ტუპიცკის მეუღლე.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ასევე დაუწესა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ თანაშემწეს ანდრეი პორტნოვსა და მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს. მას ეკრძალება აშშ-ში შესვლა, აშშ-ში არსებულ მის ქონებას და საბანკო ანგარიშებს კი ყადაღა დაედება.
„მაგნიტსკის სიაში“ სახელმწიფო მდივნის ხელმოწერით, მასშტაბური კორუფციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები შეჰყავთ.
„შეერთებული შტატები მოწოდებულია, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს დგამს კორუფციასთან საბრძოლველად და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის სანქციების და სავიზო შეზღუდვების მეშვეობით, გლობალური „მაგნიტსკის სანქციების პროგრამის“ ფარგლებში.
მისივე განმარტებით, ეს დამატებითი ქმედებები ხელს უწყობს კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობას მთელ მსოფლიოში, რათა ხელი შეუშალონ და შეაჩერონ ისინი, ვინც შეეცდება, უგულვებელყოს საერთაშორისო სტანდარტები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.