მესამე პრეზიდენტი: მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა

"ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა", - ამის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა. კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გუშინ, გადადგა. ამის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობას პარტია „ქართული ოცნებიდან“ განაგრძობს.