ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს

The Guardian-ის ინფორმაციით, ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევდა.

გამოცემა წერს, რომ 47 წლის რუჰოლა ზამი დღეს დილით ჩამოახრჩეს.

ცნობისთვის, რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციების დაწყების დროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.