საქართველოში აშშ-ის საელჩო: Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა რაოდენობას ვაორმაგებთ

"აშშ-ის საელჩოს მიზანს საქართველოში წარმოადგენს გაზარდოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები სტუდენტებისთვის. საელჩო მოხარულია გამოაცხადოს, რომ ჩვენ ვაორმაგებთ Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა რაოდენობას", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, 10 დეკემბერს, Gulf Georgia-ს სათაო ოფისში (პიქსელის შენობა, ჭავჭავაძის 34, მე-6 სართული) გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელსაც Gulf Georgia-ს მხრიდან ხელს მოაწერს გენერალური დირექტორი, ქრეიგ ქრამერი (Craig Kramer), ხოლო ამერიკის მხრიდან ვირტუალურად ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაცია World Learning-ის ვიცე-დირექტორი მელისა ოპენჰაიმერი (Melissa Oppenheimer). ღონისძიებას დაესწრება აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი; კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი; World Learning-ის გენერალური დირექტორი ქეროლ ჯენკინსი (Carol Jenkins).

"აშშ-ის საელჩოს მიზანს საქართველოში წარმოადგენს გაზარდოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები სტუდენტებისთვის. საელჩო მოხარულია გამოაცხადოს, რომ ჩვენ ვაორმაგებთ Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა რაოდენობას და Gulf Georgia-სთან ინოვაციური პარტნიორობით მომავალი წლიდან საქართველოდან ყოველწლიურად 6 ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი გაემგზავრება ამერიკაში სასწავლებლად. Global UGRAD პროგრამა წარმოადგენს ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამას ქართველი ბაკალვრიატის სტუდენტებისთვის და მათ აძლევს საშუალებას ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტებში.

პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის წინააკადემიურ ტრენინგებს, აკადემიურ კურსებს, მოხალისეობრივ საქმიანობას, პროფესიული განვითარების სემინარებსა და კულტურულ აქტივობებს. აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული აკადემიური გაცვლითი პროგრამები - როგორიცაა Global UGRAD - ხელს უწყობს გლობალური მოქალაქეობის იდეას, რომელიც იწყება ახალი იდეების, ადამიანებისა და კულტურების გაცნობით.

პროგრამის მონაწილე სტუდენტები საქართველოს უბრუნდებიან უკეთ მომზადებულები, რათა ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. აშშ-ის საელჩო საქართველოში ახორციელებს 20-ზე მეტ კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას და ყოველწლიურად 200-ზე მეტ ქართველს აგზავნის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ბოლო 30 წლის განმავლობაში შევიძინეთ 6000-მდე ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების კურსდამთავრებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.