თეთრი სახლი: უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები და დისკუსიები უკრაინის გარეშე არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შემდგომ სამხედრო ინტერვენციას ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ.

„მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები იცავენ პრინციპს: უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები და დისკუსიები უკრაინის გარეშე არ იქნება.

ლიდერებმა რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და შეთანხმდნენ, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად“, - აღნიშნავს თეთრი სახლი.

ამასთნ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მზადყოფნას, ჩაერთოს ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდასაჭერად, მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.