პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სხვადასხვა შეხვედრასა და ფორმატში კომუნიკაციისას ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა.

კახა კუჭავას განცხადებით, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს, არ იცის.

„გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის გადადგომაზე და ა.შ ყოველდღე მიდის ჭორაობა და ადრე თუ გვიან, ეს როცა ხდება, მერე ამბობთ რომ „ხომ ვამბობდითო“?! სამი წელია ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი იყო, სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე პირადად ძალიან ბევრ ფორმატში მათთან ერთად როცა მქონდა შეხვედრები და კომუნიკაცია, არც კი მიგრძვია რაიმე სახის დაპირისპირება.

არ მაქვს ინფორმაცია ვინ შეცვლის ტიკარაძეს, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს, რადგან პარლამენტის დამტკიცება არაა საჭირო", - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.