„მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით, უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება", - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.
როგორც ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გასაგები იქნებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს მტრების მისამართით, მაგრამ როდესაც ისინი ჟღერდება იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც საქართველოს 30 წლის განმავლობაში უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.
„მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. თუ ხვდება და ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის. თუ ვერ ხვდება და ისე აკეთებს ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამაზიანებელია. ეს ჩვენ არა მარტო კახა კალაძის მხრიდან მოვისმინეთ, მოვისმინეთ პარტიის ხელმძღვანელის მხრიდანაც კელი დეგნანის მიმართ, უბრალოდ არ გაჩერდა ეს ადამიანი და აგრძელებს და აგრძელებს განცხადებებს", - განაცხადა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, კახა კალაძე ერიკა ოლსონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.