„ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, „რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში“, ამჟამად კი მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს“.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ იყო ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუცია ასახავს ქართველი ერის ურყევ ნებას ააშენოს დემოკრატიული, თავისუფალი, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 2012 წლის პირველ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას.
საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება გარანტი, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობის. ჩვენ გვჯერა, რომ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებით წარმატების მიღწევა გარდაუვალია“,- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება აღინიშნება.