„ევროკავშირი, აშშ და სხვები, რომლებიც ნამდვილად დიდი ხანია, მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებისადმი გაგზავნილ წერილზე ჰკითხეს.
„ეს არის ნორმალური პროცესის ნაწილი, რომ გაგრძელდეს ის რეფორმები, რაზეც საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობს და ჩვენ ვნახეთ ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი და მოლოდინი არის, რომ ეს უნდა გაგრძელდეს.
პარლამენტმა სთხოვა რეკომენდაციები ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ლიდერები რამდენჯერმე შეთანხმდნენ, მათ შორის მმართველი პარტია, რომ ეს რეფორმები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში.
ვფიქრობ, ახლა ნამდვილად არსებობს იმედი, რომ ახლა, როცა არჩევნები დასრულდა, ყველა პარტია კვლავ ერთად და კონსტრუქციულად იმუშავებს, რომ განახორციელოს ეს რეფორმები, დაამტკიცოს კანონმდებლობა და შეინარჩუნოს საქართველოს წინსვლა იმ გზაზე, რომლით სვლაც ქართველების უმეტესობას სურს.
ეს არის საქართველოს, როგორც ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და რომელსაც ევროპული ქვეყნების ოჯახში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ბევრი რამ აქვს იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს, მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, ბუნებრივია, ის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. იმედი მაქვს, ამ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.