მექსიკის სამხრეთით, ავარიის შედეგად, სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სავარაუდოდ, მიგრანტები ცენტრალური ამერიკიდან, სატვირთო მანქანის მისაბმელში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მკვეთრ მოსახვევში გადატრიალდა და ხიდს დაეჯახა ჩიაპასის შტატის დედაქალაქის, ტუქსტლა გუტიერესკენ მიმავალ მთავარ გზაზე.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა შორის არიან ქალები, კაცები და ბავშვები. ტრანსპორტში მყოფი ადამიანების უმეტესობა გვატემალიდან იყო, სხვები - ჰონდურასიდან, ეკვადორიდან და დომინიკის რესპუბლიკიდან.
ჩიაპასი მთავარი სატრანზიტო წერტილია არალეგალი მიგრანტებისთვის.