ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა ფორუმზე: ივლისში, ძალადობისკენ მომწოდებელი და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებლები მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დღეს, ადამიანის უფლებათა ფორუმი გაიმართა, რომელზეც ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის დამკვიდრების, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის ხელისშემშლელი უთანასწორობის შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (OHCHR) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.

„ადამიანის უფლებათა დღის წლევანდელი გზავნილია - „ყველა ადამიანი თანასწორია“. ფორუმზე სამ ძირითადი სფერო განიხილეს, სადაც პანდემიამ განსაკუთრებით გაამწვავა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა: 1. გენდერული თანასწორობა, 2. ლგბტქი+ თემის სამართლებრივი და სოციალური დაცვა, 3. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები. „2021 წელს, თანასწორობის საკითხი კვლავაც გამოწვევას წარმოადგენდა. ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტქი+ თემისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ივლისში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე. ძალადობისკენ მომწოდებელი და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავის სიტყვაში.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე ევია კოტანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისის (OHCHR) უფროსი მრჩეველი ვლადიმირ შკოლნიკოვი. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ადამიანის უფლებათა ფორუმი წლევანდელი ადამიანის უფლებათა კვირეულის ერთ-ერთი შემაჯამებელი ღონისძიებაა. კვირეულის მსვლელობისას, ევროკავშირმა (EU), გაერომ და საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა პრინციპების მიმართ, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და ყველა საკვანძო პოლიტიკური დოკუმენტით. ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დაცვა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ფორმატის საფუძველია, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.