დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მიიღებს. მისივე თქმით, თუ რუსეთი ასე იმოქმედებს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა, რასაც რუსეთისთვის მოჰყვება მძიმე შედეგები.
ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთი უნდა შეაჩერონ.
მინისტრმა დაამატა, რომ რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მუშაობენ იმისთვის, რომ დასავლური ეკონომიკა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე.
„ასევე ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკული მდგრადობაში. ასე რომ, ისინი არ არიან მხოლოდ დამოკიდებულნი რუსეთის ენერგომომარაგებაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“, - განაცხადა ლიზ ტრასმა BBC-ს ცნობით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენი გერმანიასა და რუსეთს შორის იქნება „პრობლემა“, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
„ეს იქნება ახალ გერმანელ კოლეგასთან განხილვის საკითხი G7-ის მოლაპარაკებებზე. ჩვენ აბსოლუტურად უნდა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ენერგიაზე. ეს უნდა იყოს არასაბაზრო ეკონომიკებზე დამოკიდებულების შემცირების საერთო სტრატეგიის ნაწილი, მავნებელ აქტორებზე დამოკიდებულების შემცირების და თავისუფალ სამყაროს შეუძლია, უზრუნველყოს სტრატეგიული დამოუკიდებლობა, რომელიც მას სჭირდება გადარჩენისთვის და აყვავებისთვის“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ უარყოფს უკრაინა.