გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ნაწილების მილიტარიზაციის პრობლემის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 22, ხოლო 55-მა თავი შეიკავა.
წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, სომხეთი, ბელარუსია, ჩინეთი, კუბა, ირანი, მიანმარი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და შეყოვნების გარეშე შეაჩეროს უკრაინის დროებითი ოკუპაცია.
რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მცხოვრებლების შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ რუსეთის ტერიტორიაზე გამოძახების დაუშვებლობას, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ყირიმელი ბავშვების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურისთვის საბრძოლო მომზადებას.
ამასთან, მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე სპეციალიზებულ უწყებას, თავი შეიკავონ ყირიმში ყოველგვარი ვიზიტებისაგან, რომლებიც უკრაინასთან შეთანხმებული არ არის.