დავით ბაქრაძე: ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები უფრო მკაფიო იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში

"ბოლო პერიოდმა ცხადად აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები უფრო მკაფიო იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში",- ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტისას საუბარი ძირითადად შეეხებოდა იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები თავის პარტნიორებთან ერთად გაატარებდა რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში.

როგორც ელჩმა აღნიშნა, შტატებში ძალიან რეალურად ხედავენ და აღიქვამენ ამ საფრთხეებს და შესაბამისად, ძალიან მკაფიოა მათი პოზიციები, რომ იქნება ეს სანქციები თუ სხვა მოქმედებები უნდა იყოს ბევრად უფრო გადამჭრელი, ვიდრე ეს იყო 2008 თუ 2014 წლებში.

„სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, რომ ახლა არის მოქმედების დრო. ნამდვილად ამ შეხვედრების დროს გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სწორად აღიქვამს რეგიონში არსებულ ვითარებას იმ საფრთხეებს, რომლებიც გარედან მომდინარეობს და ასევე ხედავენ იმ აუცილებლობას და ვალდებულებას, რომელიც ამერიკას გააჩნია, როგორც ალიანსის ლიდერს სხვა ქვეყნების დარწმუნების მხრივ. სწორედ ამ არგუმენტებს იშველიებდა ქართული დელეგაცია ამერიკულ მხარესთან საუბრის დროს. ზოგადად ძალიან დროული ვიზიტი იყო ამ თვალსაზრისით. როგორც დელეგაციის წევრებმა თქვეს, დაჩქარდა ეს ვიზიტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, ამერიკულ მახრეს მიეწოდა სრული სურათი რეგიონში არსებული გამოწვევების თვალსაზრისით", - ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან ოსტინ სკოტთან, ჯო ვილსონთან, სტივ ვომაკთან და რუბენ გალეხოსთან.

პარლამენტის ცნობით, კონგრესმენებთან შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები, ასევე, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იყო. კონგრესმენები დაინტერესდნენ, როგორ ხედავს ქართული მხარე მოვლენების შესაძლო განვითარებას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს ტრაგიკული შედეგები თავიდან იყოს აცილებული.