საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განცხადებით, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია აუცილებლად მიიჩნევს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს განცხადება მიუღებელია.
„NATO უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი NATO-ელი პარტნიორები. ამასთან, ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც NATO-სკენ მიისწაფვის და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის NATO-ს კარი ღიაა და ეს არის NATO-სა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და NATO-ს გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“.