მამუკა მდინარეძე: როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს

"როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, საქართველოს და ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია იქნება უცვლელი. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარტნიორები და დასავლელი მეგობრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქ გააჩნია, ევროპულ ოჯახში, აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსი იქნება ურყევი ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად და ასევე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები დასავლეთიდან ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ასე საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისთვის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-სგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.