"ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის დროული, საქართველო სრულად მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
„ძალიან დროული და მისასალმებელი მიმართვაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რადგანაც ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, თუკი რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საქართველო.
ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანად, ხელისუფლებამ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა. საქართველოში, როგორც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება კი ამ რეფორმებს კიდევ უფრო დააჩქარებდა“, – ნათქვამია წერილში.