ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე გუნდის შიგნით, თავის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა და ამის შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის ცნობილი იყო.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტყუილია.
„ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ გაახმოვანეთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია გაიგეთ თუ არა იმ წუთში იცით, რა თქვით? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ეს ამბავი დამალეთ და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდა დაპირისპირებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც 9 დეკემბერს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ, ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესრულებას გააგრძელებს. შესაბამისად, პოსტებზე რჩებიან მისი მოადგილეებიც.