გერმანის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი საინაუგურაციო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. შოლცის პოლონელ კოლეგასთან მოლაპარაკებებისას, სავარაუდოდ, განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრა და ბელარუსის საზღვარზე განვითარებული პროცესები იქნება.
გერმანიამ მხარი დაუჭირა პოლონეთის მცდელობებს, შეაჩეროს მიგრანტების ნაკადი ბელარუსიდან.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ბერლინი პოლონეთისა და შეერთებული შტატების ზეწოლას განიცდის, გადადოს Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედება, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.
Nord Stream 2 ფართოდ გააკრიტიკეს, რადგან ევროპას დაუცველს ტოვებს ენერგომომარაგებაზე კრემლის გავლენის გამო. მილსადენს რუსული გაზი პირდაპირ ევროპაში შეაქვს უკრაინის გავლით ტრანზიტის გარეშე.
მორავიეცკიმ თქვა, რომ ის მოუწოდებს შოლცს, გადადოს მილსადენის ამოქმედების ნებართვის გაცემა.