ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელის თქმით, ბაგრატის ტაძრის დაზიანების ხარისხი გელათისგან განსხვავებით დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარე ფასადი სველდება.
მისი თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და აღდგენით სამუშაოში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
„კულტურის მინისტრი იყო მოსული და შეისწავლეს. დაისვა საკითხი, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს და მომავალში მხოლოდ სერთიფიცირებული ადამიანები დაიშვებიან სამუშაოზე. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია გამოსწორება. დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი. გელათისგან განსხვავებით ფრესკები არ არის და დაზიანება არ გვაქვს", - განაცხადა მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია და ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა და ტენიანია კედლების ფრაგმენტები.