დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მიმართ აგრესიულ რიტორიკას გმობენ.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გატარებისკენ და სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ.
ტექსტი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს.
„ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ნორმანდიულ ფორმატში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევისადმი, მინსკის შეთანხმებების სრული იმპლემენტაციისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. საზღვრების შესაცვლელად ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.
ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას. ჩვენ გავააქტიურებთ თანამშრომლობას ჩვენს საერთო და ყოვლისმომცველი რეაგირების მიზნით“, - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ კიევი უარყოფს.