2008 წელს NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„დაარსების დღიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც წევრობა სურს და საამისოდ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 2008 წელს NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. თუ უკრაინა და საქართველო გაწევრიანების პროცესს განაგრძობენ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს წინ წაწევს მათ ამ პროცესში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა NBC News-თან ინტერვიუში.
11 დეკემბერს, რუსეთმა NATO-ს მოუწოდა, გააუქმოს 2008 წლის ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს წინაშე, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან და არ განათავსოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მის უსაფრთხოებას.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO რუსეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირებას არ აპირებს.
8 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების საკითხების, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების განსახილველად.