ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, რეფორმები არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს

ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით, არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ბრიუსელში ვიზიტით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ჰქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირს მტკიცედ სჯერა, რომ ის რეფორმები, რომლებსაც მოიცავს მედიაციით მიღწეული აპრილის შეთანხმება, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დეპოლარიზების და გენერალური პროკურორის კანდიდატურის გამჭვირვალე გზით შერჩევის კუთხით, კვლავ არსებითად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს საშუალება მიეცეს, დაუბრუნდეს უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას“, - განაცხადა ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ, 29 ივლისს განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

თავად შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.